To know more about war

Zoora - Newspaper from Georgia -

Published in Georgia - Warfare analysis - 07 Aug 2016 05:01 - 1

  ისიც საკითხავია, თუ დავით აღმაშენებლის ჯარმა განმათავისუფლებელ ომში, რა საჭურვლით დაიბრუნა თურქ-სელჯუკებისაგან მიტაცებული მიწა-წყალი, რით გადაიტანა საქართველოს საზღვარი “ნიკოფსითგან დარუბანდისა ზღუადმდე და ოვსეთიდგან-სოერად, და არეგაწემდე?“ საქართველოსათვის ასეთი პიროვნების მოვლენას გ. ორბელიანი განგებას მიაწერს.

  მიუხედავად მრავალი ქარტეხილისა, ჩვენს წინაპრებს შემონახული ჰქონიათ შუა საუკუნეების ქართველი მხედრის მთლიანი აღჭურვილობა, რითაც ეს საკითხი ნათელი გახდებოდა, მაგრამ სხვა უნიკალურ ქართულ კოლექციებთან ერთად, საქართველოში მოღვაწე უცხოელთა წყალობით, ზოგი საზღვარგარეთულ მუზეუმებში აღმოჩნდა. ამასთან დაკავშირებით აკად. ივ. ჯავახიშვილი, როდესაც იგი 1937 წ. ხელმძღვანელობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში შ.რუსთაველის ხანის მატერიალური კულტურის საიუბილეო გამოფენას, გულისტკივილით აღნიშნავდა: “არც საქართველოს მუზეუმის კოლექციებში და არც სხვაგან მთლიანად იმდროინდელი XI _ XIII  ს. ჯავშანი ან თორი უკვე აღარ მოიპოვება. მხოლოდ ბერლინის ცოიგჰაუზის (იარაღის) მუზეუმში ნახავს ადამიანი საქართველოდან (ხევსურეთიდან) XI X ს-ში გატანილს მანეკენზე ჩამოცმულს, X I I I ს. რაინდისა და ცხენის ორს მთლიანს საუცხოო ანაკრებს. ოქროს ზარნახშით უხვად შემკული მშვენიერი ქართული მუზარადიც არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით არც ის არის საქართველოში“. კავკასიის მუზეუმის ყოფილი დირექტორი გ.რადე (1867-1903), დასძენს აკად. გ. ჩიტაია, ქართული უნიკალური კოლექციებით პირველ რიგში გერმანიის მუზეუმებს:ჰამბურგს, ლაიპციგს და ბერლინს ამარაგებდა. საფიქრებელია, რომ ხსენებული კოლექცია ბერლინში მისი მეშვეობით მოხვდაო. ქართული აღჭურვილობა გერმანიის საჭურვლის მუზეუმში კ. გამსახურდიას დაუთვარიელებია, რომლის შესახებ მწერალი შემდეგს აღნიშნავს: “ჩვენს დრომდის მოაღწია ქართული თორის და უბრწყინვალესმა ნიმუშმა. ერთი ქართული თორის მთელი კომპლექსი XIII ს. მე თავათ მინახავს ბერლინის ცოიგჰაუშში-იარაღის მუზეუმში (ურიგო არ იქნება, ეს თორიც მოვკითხოთ პრუსიელებს)“. ბერლინის მუზეუმში დაცული საჭურვლის ბადალი, კ. გამსახურდიას გადმოცემით, არსებულა ქ. მიუნჰენში მცხოვრებ მანტოლდის ოჯახში, რომელიც მათთვის უსახსოვრებია ნიჟნიგოროდის პოლკის “komandirs bagrations“. საჭურველს კ. გამსახურდია ასე აგვიწერს: “savsabiT უზადოთ შემონახულიყო, როგორც ჯაჭვის პერანგი, ისე თორი, ჯაჭვის პერანგი თვალმრგვალი იყო და სამფეროსანი. ჩაბალახს ორიოდ ადგილას თვალი ამოვარდნოდა“. ხოლო მუზარადზე კი ქართული ასოებით “Csng“ ე.ი. 1253 წ. აღნიშნულია ნივთის თარიღი. იქვე გამოფენილი ყოფილა ხევსურული დავითფერული, ფრანგული, ქართული ვადაჯვრიანი ხმლები. ქართული საჭურვლის სანახავად ამ წერილის ავტორსაც, მოუხდა დასახელებულ მუზეუმში 1967 წ. მუშაობა, რამაც უშედეგოდ ჩაიარა 1941-45 წწ. ომის შემდეგ ექსპონატების აწეწილობის გამო. ამ საკითხით იქაური თანამშრომლებიც დავაინტერესეთ. 1987 წელს ბერლინის საჭურვლის მუზეუმიდან გამოგვიგზავნეს საჭურვლის ფოტოსურათი, რომელიც ქართული არ აღმოჩნდა. ე.ი. ძიება კვლევ გრძელდება. მართლაც როგორ დამშვენდებოდა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ფეოდალური ხანის გამოფენას, რომ მის დარბაზში იყოს ფეოდალური ხანის მხედრის აღჭურვილობა.  

   საკითხავი ისიცაა, ეროვნული საჭურველი სად მზადდებოდა? კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფეოდალური ხანის საჭურველი, ლითონის საბადოებთან ახლოს საქართველოს მთაში: აჭარაში, სვანეთში, რაჭაში, ხევსურეთში, გუდამაყარში და ალგეთში იჭედებოდა, რასაც მატერიალურ კულტურასთან ერთად ზეპირსიტყვიერება ადასტურებს. 

  საჭურველს შემდეგ უკვე დიდდ ქალაქებში - დავითის მიერ 
აღმოცენებულ ქალაქებში ამზადებდნენ. ანონიმური ავტორის ცნობით ქ. თბილისიდან საექსპორტოდ გაჰქონდათ სპილოს ძვლით ინკრუსტირებული კაპარჭები და სხვა.

  აურაცხელი საჭურვლის ჭედვამ საქართველო მეტალურგიის მნიშვნელოვან კერად აქცია. საჭურვლის დამზადებისათვის საგანგებო ოსტატები რომ არსებობდნენ, ჩვენამდე მოღწეული შემდეგი გვარების არსებობაც ადასტურებს: მეფარიშვილი, მეფარიანი, ჯავშანიშვილი, ჯავშანიძე, ჯაჭვლიანი, ჭურაძე, ჯოლბორდი (ისრის მთლელი), ზეინკლიშვილი (ზეინკალი ადრე მთლიანი საჭურვლის, ხოლო შემდეგ კი მხოლოდ თავდასაცავი საჭურვლის ოსტატი), შუბითიძე, ხმალაძე, ხანჯალაძე, დაშნიანი, დაშნიანიძე, ქარქაშაძე და არა მარტო ამ გვარების წარმომადგენლები ჭედავდნენ თავის მხსნელ ქართულ საუკეთესო საჭურველს, რომლის მაღალხარისხოვნობამ და ხმარების დახვეწილმა წესმა უცხო დამპყრობლებისაგან გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა. 


  საგანგებო ყურადრება უნდა შევაჩეროთ ქართული საჭურვლის არსებობაზე, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან როგორც ცნობილია, ბევრ დიდ და სახელოვან ერებს, საკუთარი საჭურველი არ გააჩნდათ. ქართველები კი ომიაშვილები, ჩუბინიძეები (ისრის მსროლელნი) მშვიდობაძეები და მათთან ერთად ყველა, ქართული საჭურვლით სამშობლოს დასაცავად, მშვიდობის მოსაპოვებლად იბრძოდნენ.


  ფეოდალური ხანის ქართული საჭურველი აღწერეს სულხან-საბა ორბელიანმა და ვახუშტი ბაგრატიონმა. ხოლო ივ. ჯავახიშვილმა საგანგებო ნაშრომი მიუძღვნა.


  ამ პერიოდში შესატევ, მკვეთელ საჭურველად ხმარობდნენ მახვილს, ხმალს, და სატევარს, დასარტყმელად: ლახტს, ჩუგლუგს და გურზს, საძგერებლად კი ჰოროლს, შუბს და ხიშტს; სატყორცნელად: შურდულს ქვითა და ტავარჯუხით, ასევე ფილაკვანს, სასროლად კი შვილდ - ისარს კაპარჭით. თავდასაცავი საჭურველიდან კი:ფარს, თავსარქველად მუზარადს და ჩაბალახს ( X I I s. ნიკორწმიდის სიგელში მოხსენებულია “გუდამაყრული ჩაბალახი“). ტანისსაცავად: ჯავშანს, ჯაჭვს და პოლოტიკს. ზედაკიდურთსაცავს: ხელნავს და საფუხრეს, ქვედასი კი: საბარკულს, საჩერნეს და სხვა.


  ქრისტიანობის მიღების შემდეგ მიცვალებულს თან საჭურველს აღარ ატანდნენ. მიუხედავად ამ წესისა, ჩვენს დროში ფეოდალური ხანის ინტენსიური, არქეოლოგიური გათხრების შედეგად მაინც აღმოჩენილია შუასაუკუნეების ზოგიერთი საჭურვლის ნიმუში. მუზარადი რკინისა, ძაბრისებური ასევე მუზარადის წოპი ჯავახეთის ახალქალაქიდან, ჯაჭვის პერანგის ნაგლეჯი ქსოვილთან ერთად დმანისიდან. ჯაჭვის პერანგი ბიზანტიური მონეტით, ზურტაკის სამარხიდან. ბრტყელი, სამკუთხოვანი და ორკაპიანი ისრები. შუბი ხიშტისებრი დმანისიდან. ხმლის ვადები უმეტესად ნეფრიტისა, მცენარეული და რელიეფური ორნამენტით. ხმალი რკინისა ორლესული, ხმალი რკინისა ცალლესული, ვადა ბურთულებისებური დაბოლოვებებით, ვანიდან, და სხვა. დიდგორის არქეოლოგიური გათხრები ამ მხრივაც მდიდარ მასალას გადაგვიშლიდა თვალწინ.


  საქართველო აღმაშენებელმა ჯვრით, რომელსაც ბრძოლებში ყოველთვის თან ატარებდა და ჯვარ-ვადიანი ხმლით აღადგინა. მეფე-სარდლის მიერ საქართველოს საზღვრების გაფართოებას და მის მიჯნის გადატანას გ. ორბელიანი აღმაშენებლის ხმალს მიაწერს: “შირვან, დერბენდი, ჰყავ სამზღვრად, შენი ხმლით შემოხაზული“
. მაღალხარისხოვანი ქართული ხმლის შესახებ აღნიშნავენ:თუ სადმე ხმალი მძლეობდეს, უთუოდ აქაურია, მაგრამ როგორი ფორმის ხმლით აღადგინა საქართველო და დაუმკვიდრა თავის ერს? საძიებელი აი, ეს არის. X I I I ს. ხმლის ფორმის დასადგენად უნდა დავეყრდნოთ არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულ, ღარიბ და მდიდრულ ფრეკულსა, იკონოგრაფიულსა და ნუმიზმატიკურ მასალას, რითაც დგინდება, რომ X I I ს. ხმალი სწორი იყო, რომელიც X I I I ს. მონღოლების შემოსევის გამო მოიხარა, რაც ლაშა გიორგის ბეთანიისა და ბერთუბნის ფრესკებზე კარგადაა გამოსახული. პირველზე ლაშას შვეტი-სწორი ხმალი არტყია. ბერთუბნის ფრესკებზე კი მისი ხმალი უკვე მოხრილია. ივ.ჯავახიშვილი, აგრძელებს რა მსჯელობას ამ საკითხზე, აღნიშნავს:ისტორიულ მხატვრობის მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია გავარკვიოთ, რომ X I I ს. საქართველოში გავრცელებული ყოფილა შვეტისწორი ხმალი; მაგრამ X I I I ს. დამდეგს უკვე ჩნდება მოხრილი ხმალი, ისეთი, როგორიც გავრცელებული იყო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. ე.ი. ქართული ხმალი ფორმას იცვლის, მაგრამ ისეთი ღვარჭნილი და მრუდე არ ხდება, როგორც მუსულმანური-ნახევრად მთვარისებური, არამედ ქართული ხმალი ოდნავ მოხრილია, რომელიც უკეთ გამოყენების გამო ჩვენში დამკვიდრდა.

  დავითის ჯვართან ერთად ჩვენამდის მოაღწია მის დროს მოჭრილმა მონეტებმა, ჩვენს თემასთან დაკავშირებით, ყურადსაღებია არაბული შემდეგი წარწერანი: მეფეთა მეფე დავითი, ძე გიორგისა, მესიის მახვილი, და მეფე, მეფეთა, მახვილი მესიის დავით. რაც დავითს წარმოგვიდგენს ქრისტიანთა დამცველად და მუსულმანთა დამლახვრელად. დავითის მიერ შემოღებული დასახელებული წარწერა ამშვენებს მეფეების: დემეტრე I-ის, გიორგი III-ის, თამარის, ლაშა გიორგის და რუსუდან მეფეების მონეტებს. დასახელებული წარწერა ჟამთა უკუღმართმა სვლამ მოსპო.


  ქართველების მიერ ომის დროს საჭურვლის გამოყენებასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია იბნ-ალ-ასირის ცნობა. დიდგორის ბრძოლაში იმ 200-მა გმირმა ვაჟკაცმა, ომის დაწყებამდე მოწინააღმდეგის ბანაკს რომ მიუახლოვდა, დამპყრობლებს მშვილდ-ისარი ესროლა, რითაც მოწინააღმდეგეების არეულობა გამოიწვია.

დავითი ომის დროს არა მარტო მხედარმთავრობდა, არამედ, იგი თვით იყო უებრო მეომარი. არსენ იყალთოელის თქმით: ძლიერი, ვითარცა ლომი მხეცთა შორის, როგორც მისი ისტორიკოსი აღნიშნავს: 1105 წ. ერწუხის ბრძოლიდან დაბრუნებულ ნაომარ დავითს ჯაჭვის პერანგის სარტყელი რომ შეუხსნია, მტკნარი შეყინული სისხლი გადმოღვრილა, რომელიც იყო მტრის სისხლი, დავითის ხმლით უკუმომდინარე. ამ ბრძოლაში დავითისათვის სამი ცხენი მოუკლავთ და მეოთხეთი გაუმარჯვნია.

  ქართველთათვის ხმლით ბრძოლა მთავარი იყო. ამბობდნენ, ხმალი ქართველს დაბადებიდან ებედებაო. ქართველი კაცი და ხმალი ისე შეერწყვნენ ერთმანეთს, რომ ჩვენს ყოფაში მან საპატიო ადგილი დაიკავა. იგი ქართული ჩოხა-ახალუხის და ოჯახის სამკაულია. ჭაბუკს, მხედარმთავარსა და მეფეს ხმალს შემოაკრავდნენ. ნეფე-პატარძალს გადაჯვარედინებულ ხმლებში გაატარებდნენ და სხვა. ხმლით ჩვენმა ხალხმა იმდენი იბრძოლა, რომ ამბობდნენ, ხმალივით მართალი კაციაო. ქართველისათვის ხმლით ბრძოლა იყო მთავარი. ქართველო, ხელი ხმალს იკარ, დრო დაგიდგა სანატრელი-ო. და სხვა. ასეთი ურთიერთობისა გამო ხმალმა ჩვენს ცხოვრებაში საპატიო ადგილი დაისაკუთრა. მეფედ კურთხევის ცერემონიალში, ადრე, ფეოდალურ ხანაში, მეფეს ხმალს ფეოდალური არისტოკრატია შემოარტყამდა, რაც დავითის მეფედ კურთხევისას, იმ აწეწილობის ჟამს, არ შესრულებულა. დავითს თვით მამამ (გიორგი II) დაადგა გვირგვინი მეფობისა. დავითმა მეფედ კურთხევის ძველი ტრადიცია აღადგინა და მნიშვნელოვანი სიახლეც შეიტანა. თავის ვაჟს დემეტრე I-ს დაადგა გვირგვინი, თვით მისითა ხელითა და თვითონ ;შეარტყა წელთა ძლიერთა მახვილი. ამით დავითმა სამეფო სიძლიერეს გაუსვა ხაზი.დემეტრე I-სათვის ხმლის შემოკვრის ცერემონიალია ასახული სოფ. ლატალის მაცხოვრის ეკლესიის ფრესკაზე, რომელსაც ახლავს შემდეგი წარწერა ხმალს აბამენ დემეტრესა დავითისასაო აღმაშენებელი თავის ანდერძში დასძენს, რომ დემეტრე I-ს მივეც დროშა ჩემი სვიანი. დავითის დროშას ეწოდებოდა დროშა სვანად ხმარებული გორგასლიანი და დავითიანი. სწორედ დავითის დროშითა და ხმლით გალაღდა საქართველო. ანდერძში აღნიშნულია რომ დავითს დემეტრე I-სათვის გადაუცია აბჯარი სამეფონი და საჭურჭლენი, თვითონ ზემონი და ქვემონი, რაც ჩვენი თემისათვის მნიშვნელოვანია.


  დავით აღმაშენებლის, როგორც ომის ღმერთის სახელი, იქამდის აღზევდა, რომ იტალიის ქ. ფერარაში და გერმანიის ქ. ზოლინგენში დამზადებულ ფერარას ხმლებს, რომლებსაც ჩვენში დავითფერულს უწოდებენ, მეცნიერები (ბ. აბაშიძე და რ. ბურჭულაძე) დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირებენ.


  საჭურვლის კარგ ხმარებასთან ერთად დავითი ზრუნავდა ქართული ჯარის საგანგებო გაწვრთნისათვის, რისთვისაც ვაჟკაცებს საგანგებოდ ახალისებდა, მხნეთა ქებითა და ნიჭითა მიცემითა, ხოლო ჯაბანთა სადედოთა შთაცუმითა და კიცხვითა ძაგებითა. დავით 
IV -ს ჯარში ყოველი უწესობა მოსპობილი იყო ლაშქართა შინა მისთა.

  საქართველოს აღორძინებისათვის დავითს, მისგან დავალებულმა ქართველმა ერმა აღმაშენებელი უწოდა. აღმაშენებლის საქმის უკვდავსაყოფად ერთმა დარბაისელმა გლეხმა ესეთი სადღეგრძელო წარმოსთქვა:დავით აღმაშენებლის თამადობით, ვინც ქართულ საძირკველს ერთი აგურიც კი მიუმატა, ყველას გაუმარჯოსო, მართლაც და, დალოცვილი იყოს დავითის ღვაწლი და ყველა მისი მიმდევარი.

                           

Support

Comments (1)